უზენაესი სასამართლოს ვებგვერდიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, მოიძიოს მისთვის საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის ათეული წლების წინ დაარქივებული მასალებიც. აღნიშნული პროგრამების პრეზენტაცია უზენაეს სასამართლოში დღეს გაიმართა.
პრეზენტაციას საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები დაესწრნენ.
წარმოდგენილი საძიებო პროგრამების საშუალებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ, როგორც უზენაესი სასამართლოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები, ასევე ისარგებლონ არქივის საძიებო სისტემით და გაეცნონ 1971-2005 წლებში განხილულ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს.
უზენაესი სასამართლოს არქივში დაცულია ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: თვითმფრინავის გატაცების, ძიუდოში ევროპის ჩემპიონის საქმე, სხვადასხვა დანაშაულებებში ბრალდებული მხედრიონელების საქმეები და, ასევე 70 წლების პარტიული მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებიც ქრთამის ბრალდებით დახვრიტეს.