იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვაკე-საბურთალოს რაიონში დამისამართების პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.
არარსებული გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი. მსგავსი ქაოსი მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით.
საჯარო რეესტრი თითქმის 1 წელია აქტიურად მუშაობს სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (ვინაიდან აქ მრავლადაა იტალირი ეზოები), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა. აღიწერა ამ რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა. ძველი თბილისის ინვენტარიზაცია დღეს, პრაქტიკულად, დასრულებულია.
იწყება ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდებარე უბნებშიც განხორციელდება.
მალე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ე.წ. სამისამართო რეესტრი შეიქმნება და მისი ოპტიმალური მოდელის მოსამზადებლად ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებულ სქემატურ ნახაზებსა და ერთიან გეომონაცემთა ბაზას გამოიყენებენ.
სამისამართო სისტემის შექმნის პროექტის განხორციელებით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. სამისამართო ბაზა შეივსება სხვადასხვა მონაცემებით - ქუჩის მიმართულება, დასახელება, დასამისამართებელი ერთეულის დანიშნულება და ტიპი (მაგ.: საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კულტურული, სავაჭრო, საწარმოო თუ სხვ. შენობა), განისაზღვრება შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (მაგ.: ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე-კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების და სხვათა შესახებ.
ვაკე/საბურთალოს რაიონში არსებული ქუჩების და შენობების დიგიტალიზაცია/ინვენტარიზაციას ახორციელებენ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები: მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი ‘'გეოგრაფიკი~.
მასალის გამოყენების პირობები