28-29 სექტემბერს სასტუმრო "ჰოლიდეინ ინში", ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის მე-3 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია ტარდება აშშ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს გლობალური პარტნიორობის პროგრამის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ხელშეწყობით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური მასალის ფიზიკური დაცვის საკითხების, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების მონიტორინგის, აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დიაგნოსტიკის იმ უახლესი მეთოდების მნიშვნელობაზე, რომლებიც ამცირებს ლაბორატორიის თანამშრომლების ინფიცირების შესაძლებლობას და საშიში პათოგენებისა და ტოქსინების ლაბორატორიებიდან გარეთ გამოსვლის შანსს, ბიოლოგიური უსაფრთხოების დარგში კანონმდებლობის სრულყოფას, ახალი ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების დანერგვის მდგომარეობას ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობას, და ა.შ. კონფერენციას წინ უძღვის ტრეინინგები ბიოუსაფრთხოების საკითხებზე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები. მათ შორისაა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავღანეთი, რუსეთი, კენია, უგანდა, მონღოლეთი, პაკისტანი და ა.შ. გარდა ამისა, კონფერენციას დაესწრებიან აშშ თავდაცვის სამინისტროს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, გაეროს, ევროკავშირის, და სხვ. წარმომდაგენლები.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირის, გაეროს, დიდი ბრიტანეთის და აშშ თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების დეპარტამენტის წარმომადგენლები.