28 სექტებერს, 13:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს Art-კაფეში გაიმართება ძველი თბილისის პანორამული რუკის პრეზენტაცია. რუკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაბეჭდა და გამოსცა კომპანიამ "ჯეოლენდი".
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია სიდამონიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, მოწვეული სტუმრები და კომპანია „ჯეოლენდის" წარმომადგენლები დაესწრებიან.
რუკა მოიცავს თბილისის ისტორიულ ნაწილს: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთაწმინდიდან აბანოთუბნის და მარცხენა სანაპიროს ნაწილს-მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის ჩათვლით. რუკაზე აღნიშნულია ამ სივრცეში არსებული ყველა ნაგებობა; მათ შორის კულტურის ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, ხუროთმოძღვრული ძეგლები და ადმინისტრაციული შენობები.
რუკაზე ხელითაა დახატული ძველი თბილისის ის შენობები, რომელიც გამორჩეულია კულტურული და ეროვნულ -კულტურული მემკვიდრეობის ნიშნით. მათ თან ერთვის შესაბამისი აღწერილობა.
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის დასრულებისთანავე კულტურის სამინისტრო გამოსცემს პანორამული რუკის განახლებულ ვერსიას მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჩათვლით. თბილისის ისტორიული უბნების პარალელურად კი, იგეგმება, მესტიის, სიღნაღის, ქუთაისის, ყვარლის, მცხეთის, თელავის პანორამული რუკების გამოცემა.