სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, აფხაზეთის ომში ორივე მხარე დამარცხდა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვრის ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
"არ ვიცი, ეს იყო აფხაზეთის გამარჯვება თუ დამარცხება საქართველოსი. სად არის გამარჯვება და სად არის დამარცხება, მეტად რთული საკითხია. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო აფხაზეთის გამარჯვება, ეს არ იყო საქართველოს დამარცხება. ეს იყო ორივეს დამარცხება. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ეს იყო ომი მათ წინააღმდეგ, ვისაც შურდა ჩვენი, მაგრამ მეგობრობა გაიმარჯვებს. ქართველები და აფხაზები ვგრძნობთ იმას, რომ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ. ქართველი გრძნობს, რომ აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცია. აფხაზებიც იგივეს გრძნობენ", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენ ვიქნებით ერთად.
ილია მეორემ ქადაგების დროს ასევე მოიხსენია, აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპულები: ჟიული შარტავა, მღვდელ-მონაზონი ანდრია ყურაშვილი, იური (გიორგი) ანუა, მამია ალასანია, რომელმაც არ მიატოვა ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, გენერლები გენადი ადამია და პაატა დათუაშვილი, ასევე, სამოქალაქო პირები თამაზ ნადარეიშვილი და მალხაზ ვაჩეიშვილი
პატრიარქი 19:00 საათზე, ჯვრის მონასტერში მიბრძანდება და პანაშვიდს გადაიხდის.