დღეს, 27 სექტემბერს, რუსთავის იუსტიციის სახლს ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორის მოადგილე ჯოზეფ დემარესტი ესტუმრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ მას სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. სპეციალურად სტუმრისათვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც FBI-ს დირექტორის მოადგილეს საშუალება ჰქონდა, თავად გაცნობოდა იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები და მოესმინა პრეზენტაციები ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ.
იუსტიციის სახლში ვიზიტამდე ჯოზეფ დემარესტი იუსტიციის სამინისტროს ეწვია და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს შეხვდა.
ჯოზეფ დემარესტი საქართველოში თბილისში მიმდინარე შეხვედრა-სემინარის ფარგლებში იმყოფება, რომელშიც მონაწილეობენ ფედერალური გამოძიების ბიუროს აკადემიის კურსდამთავრებულები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვიზიტის მიზანი საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაცნობაა.
ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ დემარესტი შეხვდა, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაათვალიერა პოლიციის აკადემია და მომსახურების სააგენტო.