დუშეთში, იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის - ცენტრის მენეჯერს ვახტანგ ყიფშიძეს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელია, ხულიგნობისთვის უჩივიან.
როგორც მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს იოსელიანის ქუჩის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის - ცენტრის ოფისიდან ბოლო სამი თვის განმავლობაში უცენზურო სიტყვებით გინების ხმა გამოდის.
„შეწუხებულები ვართ ამ ოფისიდან გამოსული უცენზურო სიტყვებით და ყვირილით. სულ ჩხუბობენ", - აღნიშნავს იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები ნანული მამულაშვილი.
„რამდენჯერმე დედაჩემმა ეზოდან ასძახა, რომ აქ ხალხი ვცხოვრობთ და ნუ იგინებიან, მაგრამ რეაქცია არ აქვთ. რაც ახალი უფროსი ჰყავთ, ამ დღეში ვართ", - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ქეთინო საღირაშვილი.
წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის - ცენტრის მენეჯერს ვახტანგ ყიფშიძეს არაეთიკურ ქცევაში ყოფილი თანამშრომლებიც ადანაშაულებენ.
„თანამშრომელ გოგონებს ისე აგინებს, რომ ტირიან ხოლმე. ხელმძღვანელია და სამსახურში ლუდის ბოთლების თვლას ვერ აუდიოდა, ხშირად მთვრალიც მოსულა. ხშირად გვინახავს სამუშაო საათებში ტანს ზემოთ შიშველი",- აღნიშნეს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ ორი დღის წინ განცხადებები დაწერეს.
ბრალდებებთან დაკავშირებით ვახტანგ ყიფშიძე კომენტარს არ აკეთებს.