დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ქართული და ოს სეპარატისტთა დელეგაციები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრა რიგგარეშე იყო და იგი ოსური მხარის მოთხოვნით გაიმართა. შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მოძიების საკითხი დააყენეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი აცხადებს, რომ შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარე საკითხისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომაში დაადანაშაულა.
"შეხვედრაზე ჩვენი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქეების საკითხი დავაყენეთ, რომლებიც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ტყვეობაში იმყოფებიან. ჩვენ ეს ინფორმაციაც გვაქვს და მისი დამადასტურებელი დოკუმენტები", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ თავის მხრივ ქართულმა მხარემ უგზო-უკვლოდ დაკარგული თავისი მოქალაქეების საკითხი დააყენა და მათი სავარაუდო დამარხვის ადგილიც დაასახელა.
"ოსური მხარემ ქართულ მხარეს აღნიშნული ინფორმაციის კიდევ უფრო დაზუსტება და თავის მხრივ ამ საკითხის ირგვლივ შეასაბამისი სამუშაოს ჩატარება შესთავაზა", _ განაცხადა ჩიგოევმა.