დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას "მე მიყვარს აფხაზეთი", განმუხურში გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში განმუხურის ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყობა ბანერული გამოფენა აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტით ასაკის მიხედვით (1-იდან 18 წლამდე), წარწერებით "მუდმივი მისამართი - აფხაზეთი."
სცენაზე განთავსებულ ეკრანზე გაშუქდება აფხაზეთის ომამდელი კადრები, რომლებიც ასახავს აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდს.
ღონისძიების განმავლობაში შესრულდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სიმღერები, წაკითხული იქნება ლექსები აფხაზურ ენაზე. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სიტყვით მიმართავს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას.
ღონისძიების მიზანია, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა თაობამ, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაუგზავნოს აფხაზ თანატოლებს, მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.
სამშვიდობო გზავნილი ვიდეომიმართვის საშუალებით გაშუქდება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქართულ და აფხაზურ ენებზე მიმართავენ თანატოლებს.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდები ცაში აუშვებენ ქაღალდის ფარნებს, რომლებიც იქნება სიმბოლური სამშვიდობო გზავნილები აფხაზეთისთვის.
ღონისძიების მთავარი ატრიბუტი იქნება თეთრი შარფები წარწერით - "მე მიყვარს აფხაზეთი".
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.