პარლამენტმა 25 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელს სამ სატელევიზიო სიხშირეს უკანონებს და ასევე ითვალისწინებს მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებას წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) არანაკლებ 0.12%-ით.
აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს ორი სატელევიზიო სიხშირე ჰქონდა. დამატებით სიხშირეს მაუწყებელი ახალი რუსულენოვანი არხისთვის - "პირველი კავკასიური" - გამოიყენებს. ახალი არხის მაუწყებლობის დაწყება იანვრიდან იგეგმება.
რაც შეეხება დაფინანსებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2008 წლის მარტში კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ბიუჯეტიდან პირდაპირ ფინანსდებოდა (2009 წელს მისი დაფინანსება 25 მლნ ლარს, ხოლო მომავალ წელს 22 მლნ ლარს შეადგენს), თუმცა მანამდე კანონით განსაზღვრული იყო მშპ-ის ღირებულების 0.15%-ით დაფინანსების წესი.