"ქრისტიან-დემოკრატები"ითხოვენ გაიზარდოს სოციალურად დაუცველი იმ ოჯახების კონტიგენტი, ვისი უფასო სახელმძღვანელოებით მომარაგებაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს. ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ და გიორგი ახვლედიანმა სენაკის რაიონის სოფელ ჭალადიდში, ბარნაძეების ოჯახში სტუმრობისას განაცხადეს.
"უკვე მეორე წელია ათიათასობით ბავშვი ჩვენი ძალისხმევით სასკოლო წიგნებს უფასოდ იღებს. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც პროგრამა იმ ოჯახებზეც გავრცელდა, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა სიაში 70 ათას ქულამდე აქვთ მინიჭებული. აუცილებლად მიგვაჩნია კონტიგენტი გაიზარდოს 100 ათას ქულამდე და ყველა ასეთ ოჯახში წიგნებით დაკმაყოფილდეს ყველა მოსწავლე" - აღნიშნა ახვლედიანმა.
ლევან ვეფხვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბარნაძეების სამშვილიან ოჯახს სოციალურად უკიდურესად უჭირს, უფასო პროგრამით სარგებლობას მაინც ვერ ახერხებენ. მისივე განცხადებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გარდა, უფასო სახელმძღვანელოებით უნდა დაკმაყოფილდეს ყველა ოჯახი, სადაც 3 და მეტი ბავშვი იზრდება.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" მასპინძლებს საჩუქრად სახელმძღვანელოები და სასკოლო ინვენტარი გადასცეს.