მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, 24 სექტემბერს ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართება.
პოეტის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავი ღონისძიება ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან 12:00 საათზე დაიწყება, სადაც ქართველი მწერლები და პოეტები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას. მანამდე კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელი, სოფელ ჩარგალში, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელ 3 კმ-იან გზას გახსნიან, რომლის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. გზაზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ეზოებში შესასვლელები. გზა მოინიშნა და დაიხაზა, დამონტაჟდა უსაფრთხოების ჯებირები და საგზაო ნიშნები.
დღესასწაულზე საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან ქართული ფოლკლორული ანსამბლები: "გორდელა", "ქალილო" და"ფხოვი". ვაჟაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიების ჩატარება: 13:00 საათზე, პოეტის სახლ-მუზეუმთან არსებულ ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული ჭიდაობა. 13:30 საათზე გაიმართება დოღი. მთელი დღის განმავლობაში, სოფელ ჩარგალში მოეწყობა ტრადიციული ხელსაქმის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 14:00 საათზე ანსაბლ "რუსთავის" გალაკონცერტი გაიმართება.
სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" მწერლის იუბილეს აღსანიშნავად ყოველი წლის სექტემბერში ტარდება. იგი სასიამოვნო ღონისძიებებით უამრავ სტუმარს იზიდავს და მწერლის შემოქმედების უკვდავყოფას ემსახურება.