პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჰიბრიდული სიმინდის პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს მიმართავს.
"როგორც ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმდინარე წელს გამართული სიმინდის ხვნა-თესვის პერიოდში გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომელთა მიხედვითაც, 2011 წელს ჰიბრიდული სიმინდის ისეთ მოსავალი გვექნებოდა, რომ საქართველო ექსპორტზედაც კი გაიტანდა მას. მისი განცხადებით, 40 მილიონ ლარზე დაიხარჯებოდა ჰიბრიდული სიმინდის თესლის შესაძენად. ახლა, როდესაც მოსავლის აღების დრო დადგა, ყველა ვხედავთ, რომ მინისტრის სიტყვებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ალასანია აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მათ პრაქტიკულად არანაირი ტექნიკური დახმარება არ გაუწია. სოფლის აგრონომის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდა და ახალი მის სანაცვლოდ არაფერი შექმნილა. ასევე ფუჭი აღმოჩნდა დაპირება მოსავლის აღების პერიოდისთვის მარცვლეული კულტურების საშრობებისა და საცავების დროულად მოწყობის შესახებ.
"მოსავლის აღება პრაქტიკულად დამთავრებულია და ასეულობით ფერმერმა და გლეხმა ზარალის მეტი ვერაფერი ნახეს მთავრობის მიერ კრედიტად აღებული ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვით", - აცხადებს იგი.
ალასანიას განცხადებით, უკვე წლებია, არაპროფესიონალური და არაკომპენტენტური მიდგომა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ საბოლოოდ ანადგურებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს გლეხობას და ფერმერებს, ასეულობით მათგანს კი პრაქტიკულად აკოტრებს.
"სახელმწიფო დღეს კვლავ ითხოვს გლეხებისა და ფერმერებისაგან, ვისაც არ მოუვიდა მოსავალი, რათა მათ აანაზღაურონ სესხად აღებული ჰიბრიდული სიმინდის ღირებულება.
ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება გელოხობასა და ფერმერთა მიმართ მიუღებელია. შექმნილ ვითარებაში ყველაზე მართებულად მიგვაჩნია, რომ ყველა ის გლეხი თუ ფერმერი, ვინც დაზარალდა ჰიბრიდული სიმინდის თესლის დათესვისას ხელისუფლების, კერძოდ კი მინისტრის არაკომპენტეტური ქმედებების შედეგად, უნდა გათავისუფლდეს მთავრობისთვის დაწესებული გადასახადისგან. ასევე, მთავრობამ უნდა გამონახოს გლეხებისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაციის გზები", - აღნიშნავს ალასანია და დასძენს:
"ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარება ხელისუფლების ვალდებულებაა, ხოლო რაც შეეხება რესურსებს, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საჭირო სახსრების მოძიება ადვილად იქნება შესაძლებელი საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულ პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებში".