პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" მოქალაქე თამარ ჩირიკაშვილისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევის ფაქტს ეხმიანება.
"ჩირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართულ ელექტრონულ აუქციონზე, თეთრი წყაროს რაიონის, სოფელ ორბეთში 12 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ყველა წესის დაცვით შეიძინა, თუმცა ტექნიკური პრობლემის მიზეზით, ვერა ქობალიამ აუქციონის შედეგები ძალადაკარგულად გამოაცხადა და ჩირიკაშვილის მიერ შეძენილი მიწა მეორედ გაყიდა", - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოს გზა", მიიჩნევს, რომ ეს არის ტიპური მაგალითი, თუ როგორი დაუცველია თითოეული მოქალაქე არსებული რეჟიმის პირობებში, მომხდარი ფაქტი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომლის წყალობითაც ხელისუფლებამ უამრავ ადამიანს ჩამოართვა და დაუნგრია უძრავ-მოძრავი ქონება.
"საქართველოს გზა" უკანონოდ მიიჩნევს ეკონომიკის სამინისტროში მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ინციდენტი და შეაჩეროს ისეთი ინოვაციები, რომლების გამართულ მუშაობაზედაც პასუხს ვერ აგებენ.
"საქართველოს გზა" სოლიდარობას უცხადებს, ჩირიკაშვილს და აცხადებს მზაობას მისი ინტერესების დასაცავად.