ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე აგრძელებს სამუშაო ვიზიტს აშშ-ში ქ. მაიამიში, სადაც შტატის სამეცნიერო, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ვიცე პრემიერ-მინისტრი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც 46 000 სტუდენტი სწავლობს (რაც საშუალოდ 3-4 ჯერ აღემატება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა რაოდენობას), შტატის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
გიორგი ბარამიძემ უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე წარმატებულ ანტიკორუფციულ, სასამართლო, პოლიციისა და საკანონმდებლო რეფორმებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, განათლებისა და სოციალურ რეფორმებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებული მაგალითი წამყვან უნივერსიტეტში აკადემიური შესწავლის სფერო ხდება და ასევე, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებისთვის .
გიორგი ბარამიძისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი და ინტერესი, ეწვიონ საქართველოს ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გასაღრმავებლად.