დღეს, 23 სექტემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი ფოთის პროფესიულ კოლეჯს ეწვევა. მაკგოლდრიკი სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდება, განახლებულ საკლასო ოთახებს, ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ახლად გახსნილ Cisco-ს აკადემიას მოინახულებს.
ვიზიტის ბოლოს გაეროს ხელმძღვანელი ბიზნესცენტრის მშენებლობასაც ეწვევა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. განახლებული ბიზნესცენტრი დეკემბერში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ UNDP ეხმარება ფოთის პროფესიულ კოლეჯ "ფაზისს", დანერგოს ახალი სასწავლო პროგრამები, გადაამზადოს მასწავლებლები და სწავლების პროცესში ახალი ტექნოლოგიები გამოიყენოს.
UNDP-ის ხელშეწყობით კოლეჯში ამოქმედდა რამდენიმე სასწავლო კურსი სამშენებლო პროფესიებში და გაიხსნა ხის გადამამუშავებელი საამქრო, რომელიც მედურგლეობის სპეციალობის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ტრენინგის ბაზის მოვალეობას ასრულებს.
2011 ზაფხულში კოლეჯში გაიხსნა Cisco-ს ქსელური აკადემია - საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომელიც კომპიუტერული ქსელების დაპროექტებას, აგებასა და უზრუნველყოფას ასწავლის. აკადემიაში მიღებული ცოდნა თანამედროვე ეკონომიკისა და წარმოების პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში გამოიყენება.
Cisco-ს ქსელური აკადემია მსოფლიოს 165 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და მილიონამდე სტუდენტს აერთიანებს. ფოთის პროფესიული კოლეჯი მესამე სასწავლებელია საქართველოში, სადაც Cisco-ს ქსელური აკადემია UNDP-ის დახმარებით გაიხსნა. მანამდე ამ შესაძლებლობით ბათუმისა და ზუგდიდის პროფესიულმა სასწავლებლებმა ისარგებლეს.
2011 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ფოთის პროფესიული კოლეჯის 8 მასწავლებელმა გაიარა გადამზადების პროგრამები საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მშენებლობის საკითხებში. ორმოცდახუთმა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი სამშენებლო პროფესიებში.
კოლეჯი "ფაზისი" წელიწადში 800 სტუდენტს ამზადებს. კუსდამთავრებულთა თითქმის 50% დევნილია.
UNDP-ის პროექტები ფოთში იმ უფრო ფართო პროგრამების ნაწილია, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ემსახურება.