"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი დღეს თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიაში მივიდნენ. მათი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ანტისანიტარიასთან ერთად არ არსებობს თანამედროვე ინვენტარი, უკვე ათწლეულებია არ გაკეთებულა რემონტი, არ შეცვლილა აღჭურვილობა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადებების უმეტესი ნაწილის მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლში ხორციელდება და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ერთვება ჰოსპიტალური სექტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ პრიორიტეტებში ჩასვას სოფლის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და ამბულატორიების რეაბილიტაცია, რაც საუკეთესო პრევენცია იქნება დაავადებების მართვის თვალსაზრისით" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.