არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკანონო ბრძანებას უახლოეს დღეებში სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაციის ოფისში (შევჩენკოს ქუჩა 12, მე-5 სართული) პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც ორგანიზაციიდან „ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, "42-ე მუხლის" სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ უკანონოდ გაუქმებულ ელექტრონულ აუქციონს უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის 25 მარტს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი "თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. ორბეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონზე პრივატიზაციის შესახებ".
აუქციონზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში ხერვეზების გარეშე მიმდინარეობდა მონაწილეობას ღებულობდა თამარ ჩირიკაშვილი, რომელმაც საბოლოოდ შეძლო აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენა. შესაბამისად, თამარ ჩირიკაშვილის გვერდზე დაიწერა, რომ აუქციონი იყო შემდგარი და მან შეიძინა თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით მის მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღო მილოცვა: "გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ აუქციონში".
ამდენად, თამარ ჩირიკაშვილი აუქციონის შედეგების მიხედვით გახდა გამარჯვებული და მოიპოვა მიწის ნაკვეთის შესყიდვის უფლება. თუმცა, ამ უფლების რეალიზაციის მცდელობა მისთვის უშედეგო აღმოჩნდა.
თამარ ჩირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსისაგან მიიღო წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გამოცხადდა ძალადაკარგულად.
აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ზიანს აყენებს თამარ ჩირიკშვილის კანონიერ ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აღნიშნული ბრძანების მიღება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევითა და უგუვებელყოფით.
ამის გამო, „42-ე მუხლმა" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოვითხოვეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა.
თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით უარი გვეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
«კონსტიტუციის 42-ე მუხლი» მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით ორგანიზაცია სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში უახლოეს დღეებში შეიტანს.