აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მსოფლიო თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, სამხედრო და სამართლებრივი უმსგავსობის შეჩერებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში კატეგორიული პროტესტია გამოხატული, როგორც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის, აფხაზეთში 12 დეკემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების, ისე ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ გააქტიურებული ანტიქართული პროპაგანდის გამო.
განცხადებაში უარყოფილია რუსული მხარის მტკიცება, თითქოს საქართველოს სამხედრო სფეროში გაძლიერება რუსეთს საფრთხეს უქმნის და გამოთქმულია პროტესტი იმის გამო, რომ რუსეთის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს და ოჩამჩირის რაიონში აძლიერებს საზღვაო სამხედრო ბაზას,
"რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობა რეგიონში რუსეთის იმპერიის ისტორიული როლის - პოლიტიკური და ადმინისტრაციული ჟანდარმის ფუნქიის აღდგენის აშკაა მცდელობაა", _ აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არაადეკვატურ დამოკიდებულებას იჩენს კრემლის იმპერიული პოლიტიკის მიმართ, რითაც რუსეთისთვის დაუსჯელობის საშიშ პრეცედენტს ამკვიდრებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს უმართავი პროცესები, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე - მის ფარგლებს გარეთაც.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საერთაშორისო თანამეგობრობას, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო რუსეთისთვის უშედეგო შეგონებებისა და რეკომენდეციების მიცემის ნაცვლად, მოსკოვზე ქმედითი და ეფექტური ზეწოლის განხორციელებას ურჩევს.