დღეს, 21 სექტემბერს, 14:.00 საათზე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულ უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი გაიხსნება.
მემორიალზე აღბეჭდილია ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, პეტრე ოცხელის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელები.
მემორიალის გახსნას დაესწრებიან ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები და შთამომავლები, გამარჯვებული პროექტის ავტორი ნიკოლოზ მაისურაძე, მემორიალის კონკურსის კომისიის წევრები.
შეგახსნებთ, რომ 2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მემორიალის განთავსების მიზნით ჩაატარეს კონკურსი 1937 წელს რეპრესირებულ უსაფლავო ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალის საუკეთესო ესკიზური პროექტის გამოსავლენად. გამარჯვებულად ახალგაზრდა არქიტექტორის ნიკოლოზ მაისურაძის პროექტი დასახელდა, რომელსაც, კონკურსის პირობების თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ერთჯერადი ფულადი პრემია, 5000 ლარი გადაეცა.