ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ლევან აქუბარდია მეწარმეთა კანონში შეტანილ ცვლილებების ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ მეწარმეთა შესახებ კანონმა 1994 წლიდან ძირეული მოდიფიკაცია განიცადა, მასში დღემდე ვერ იქნა გათვალისწინებული საწარმოს ფუნქციონირების მნიშვნელოვანი საკითხები.
ლევან აქუბარდია აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობაში ფაქტიურად არ რეგულირდება საწარმოს ლიკვიდაციის პროცედურა მისი თქმით, 2008 წლამდე კანონით განსაზღვრული იყო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის საფუძვლები, რომლებსაც ანალოგიით იყენებდნენ სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ლიკვიდაციისას 2008 წლის მარტში კი ეს მუხლიც ამოღებულ იქნა კანონიდან.
"საწარმოს ლიკვიდაცია უნდა ნიშნავდეს საწარმოს "სიკვდილს". საქართველოში საწარმოს ლიკვიდაცია სრულდება მისი ამოშლით სამეწარმეო რეესტრიდან, თუმცა გერმანიაში (მეწარმეთა შესახებ კანონის სწორედ გერმანული მოდელი მოქმედებს საქართველოში) კანონი ითვალისწინებს საწარმოს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შემდეგ მისი "გაცოცხლების" პროცედურას და შესაძლებლობას, რაც სრულიად სამართლიანი და ობიექტურია, ვინაიდან სავსებით შესაძლებელია საწარმოს სრული ლიკვიდაციის და სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შემდეგ მას გამოუჩნდეს რაიმე აქტივი, რომელიც კანონიერად უნდა განაწილდეს პარტნიორთა ან კრედიტორთა შორის", _ აცხადებს აქუბარდია და აღნიშნავს, რომ ძირეული ცვლილება აღნიშნულ კანონში ეხება მეწარმე სუბიექტთა მარეგისტრირებელ ორგანოს. 1 იანვრიდან ამას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო". შესაბამისად, ტერმინი "სამეწარმეო რეესტრი" იცვლება ტერმინით - "მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი".
"აღნიშნული რეესტრის ამონაწერი აღარ იქნება იმ მწირი ინფორმაციის მატარებელი, როგორიც დღეს არის. მას დაემატება საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. ვთვლით, რომ ეს ცვლილება სამართლიანია და სამეწარმეო სფეროს მხოლოდ განვითარებას შეუწყობს ხელს", _ განმარტავს ექსპერტი.
კიდევ ერთი ხარვეზი, რომელზეც აქუბარდია საუბრობს საწარმოთა ლიკვიდაციას ეხება, მისი თქმით, კანონში აგრეთვე ჩაიდო შესასრულებლად წარმოუდგენელი ნორმა, რომლის მიხედვითაც საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს მისი დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 4 თვისა. ამასთან, არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ვადის რაიმე შემთხვევაში გაგრძელება. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორს შეიძლება მოუწიოს გარკვეული აქტივების სასამართლოს გზით მოპოვება. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ შემთხვევაში აღნიშნული 4 თვის ვადის დაცვა? კანონში ისიც არ არის განსაზღვრული თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი ვადის გადაცილების შემთხვევაში და რა ბედი ელის თვით საწარმოს.
"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ნორმა ფაქტიურად ვერ იმოქმედებს, თუ მას არ დაემატა დამატებითი პუნქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება საწარმოს ლიკვიდაციისათვის საჭირო გონივრული ვადები. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესი გძრელდებოდა 50 წლის განმავლობაში და ეს მათი კანონმდებლობით დაშვებული და გათვალისწინებული იყო", _ აცხადებს აქუბარდია და მეწარმეთა შესახებ კანონის კიდევ ერთ ცვლილებაზე საუბრობს, რომლის თანახმად, 1-ლი იანვრიდან საწარმოს აღარ მოუწევს მისი ფილიალის ცალკე დარეგისტრირება. საწარმოს და მის ყველა ფილიალს ექნებათ ერთი საიდენტიფიკაციო (სარეგისტრაციო) კოდი. გერმანული სამეწარმეო სამართალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და უმაღლესია სამართლის სხვა სკოლებთან შედარებით. აღნიშნული ცვლილება ემსახურება გერმანული სამეწარმეო სამართლის პრინციპებს საწარმოთა შერწყმის, გაერთიანების და განვითარების და არა მათი განცალკევების და გაყოფის შესახებ.
კანონში შეტანილი ცვლილების დადებით მხრაედ აქუბარდია მიიჩნევს იმას, რომ 1-ლი იანვრიდან საქართველოს სამეწარმეო სამართალი აღარ სცნობს იურიდიული პირის ისეთ სამართლებრივ ფორმას, როგორიცაა სამეწარმეო ამხანაგობა. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან გაურკვეველი იყო თუ რას ემსახურებოდა ამ სახის იურიდიული პირის არსებობა.
"ჩვენი აზრით, ახალი ცვლილებების ყველაზე სასარგებლო და დადებითი მხარეებია საწარმოს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცვლა და ფილიალის დარეგისტრირების ვალდებულების გაუქმება. დღევანდელი კანონმდებლობით საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო ორგანო წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს და იგი აგრეთვე ახდენს საწარმოს რეგისტრაციას. ლოგიკურია, რომ საგადასახადო ორგანო რეგისტრაციის მსურველ ნებისმიერ იურიდიულ პირს განიხილავდა როგორც გადასახადების გადამხდელს და არა როგორც იურიდიული პირის სახელმწიფო დაფუძნებას", _ აცხადებს აქუბარდია და მეწარმეთა შესახებ კანონის მთავარ ჩავარდნად კი საწარმოს ლიკვიდაციის საფუძვლებისა და გონივრული ვადის არარსებობას ასახელებს.