სასამართლოებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ დოკუმენტებს აპოსტილის მეთოდის გამოყენებით იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დაამოწმებენ. ამის შესახებ დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრე სასამართლოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს ლეგალიზებას უზენაესი სასამართლო უკეთებდა, ხოლო ჯანდაცვის მიერ გაცემულ დოკუმენტებს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
"ამიერიდან საზღვარგარეთ წარსადგენ დოკუმენტებს აპოსტილით მესტიის იუსტიციის სახლიც დაამოწმებს. ადრე მაღალმთიან რეგიონში ამგვარი სერვისის მიღება შეუძლებელი იყო და მოქალაქეს მომსახურების მისაღებად სხვა რეგიონში უწევდა გადაადგილება",- განაცხადა გაბრიელაშვილმა.
ერთი დოკუმენტის ლეგალიზაცია / აპოსტილით დამოწმება რვა სამუშაო დღის განმავლობაში ხდება, მისი ღირებულება 20 ლარს შეადგენს. სამოქალაქო რეესტრი დოკუმენტების დამოწმების კუთხით, მოსახლეობას დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ოთხ სამუშაო დღეში 40 ლარი ღირს, მეორე დღეს - 70 ლარი, ხოლო იმავე დღეს - 100 ლარი.