პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი მიუხედავად რიგი ქვეყნების უარყოფითი პოზიციისა მაინც აპირებს განაცხადის შეტანას გაეროში წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ პალესტინას აქვს კანონიერი უფლება მიიღოს გაეროს სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. მისივე თქმით, იგი მოითხოვს პალესტინის სახელმწიფო აღიარებულ იქნას 1967 წლის საზღვრებში.
მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინა დამოუკიდებელ ქვეყანად უკვე აღიარა 126 ქვეყანამ და პალესტინელები "მოთმინებას კარგავენ".
"ჩვენი გულწრფელი მცდელობა შევთანხმდეთ მოლაპარაკებებისა და რეზოლუციების მეშვეობით, რომელიც ბოლოს მოუღებდა ოკუპაციას და აღიარებდა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, საბოლოოდ შევიდა ჩიხში", - განაცხადა აბასმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, იგი მხარს უჭერს პალესტინის დამოუიკიდებლობის იდეას. აბასი განაცხადს გაეროს წევრობაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას შეიტანს.