დღეს, 17 სექტემბერს, 12:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის პროექტის - "სოციალური ქსელი - "Iamgeorgian.com"-ი" პრეზენტაციას გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ქართველებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას, აგრეთვე, უცხოეთში ქართული დიასპორების ერთმანეთთან დაკავშირებას.
პროექტის მიზანია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დასახული ღონისძიებების რეალიზება. სოციალური ქსელი მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მუშაობის ეფექტურობას. მისი მეშვეობით დიასპორასა და აპარატს შორის კონტაქტის დამყარება მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდება. ქართულ კომპანიებს შეეძლებათ კვალიფიციური კადრების ვებგვერდზე მოძებნა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მათ დაბრუნებას. ქსელის საშუალებით უცხოეთში მყოფი ქართველები შეძლებენ ინტერნეტსივრცეში საქართველოს უკეთ წარმოჩენას, ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას.
პროექტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა. პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა.