დღეს, 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი გამართავს პუბლიკაციის - "მოსაზრებები საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ" პრეზენტაციას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდიდან აცნობეს, მასში შესული ნაშრომები, ფონდის მიერ 2011 წლის განმავლობაში ჩატარებულ დისკუსიებზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით მომზადდა.Pპროექტი ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პუბლიკაციაში თამარ ხიდაშელის, რევაზ საყევარიშვილის, ლიანა ჯერვალიძისა და სიმონ ჯანაშიას ნაშრომები შევიდა, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს:
- საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა - ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები;
- კონკურენციის შესახებ ევროკავშირის პრინციპებთან დაახლოება და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში;
- საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, პრობლემები და პერსპექტივები;
- საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში;
პრეზენტაციას დაესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფრომის წევრი ორგანიზაციები, ექსპერტები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტები.
"ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოების მიერ გაცნობიერებულ მხარდაჭერას საჭიროებს, რისი მიღწევაც მხოლოდ საზოგადოების უკეთ ინფორმირების და ღია დისკუსიის მეშვეობითაა შესაძლებელი. Eეს როლი კი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა "აღმოსავლეთ პარტნორობის" პროგრამა, არასამთავრობო ორგანიზაციათა ეროვნული პლატფორმა და ამ პლატფორმის საქმიანობის ფარგლებში შესთავაზა "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა" სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკუსიების გამართვა" - აღნიშნავს პუბლიკაციის შესავალში პროექტის ხელმძღვანელი, ირაკლი მენაღარიშვილი.