დღეს თელავში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ტერიტორიების კვირეული დაიხურება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თეა მჭედლურმა განუცხადა, კვირეულის მიზანი იყო საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია, სტუდენტთა ეკოლოგიური თვითშეგნების დონის ამაღლება და გარემოს დაცვით ღონისძიებებში ჩართვის ხელშეწყობა.
კვირეული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შონვაძემ გახსნა. კვირეულის ფარგლებში მოეწყო სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია, სემინარები, აქციები, მოხდა ფილმების ჩვენება და ა. შ.. კვირეულში მონაწილეობა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე ტურიზმის ცენტრის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს.
კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს ეკოტურის საგზურები და ფულადი პრიზი გადაეცემათ. კვირეული 21 დეკემბერს გაიხსნა.