სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები აღდგება. როგორც პატრიარქმა წმინდა მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის ტაძარში წირვის შემდეგ ბრძანა, ის კმაყოფილია, რომ დღევანდელ წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს - კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა "კლდესა ზედა" და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ვერ მოერევიან მას. ყველს მივულოცავ ამ დღეს. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში აშენებულიყო ტაძარი წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტად - სულიერი. მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვები არიან მფარველნი ყოველი საქართველოსი", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, აღნიშნული ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა.
"ეს წმინდა ტაძარი იქნება თავშესაფარი ყოველი მგზავრისა, აქ შედგება მოლაპარაკებები ქვეყნების მეთაურებს შორის. ასეთი მაღალი დონის იქნება ეს მონასტერი", - აღნიშნა ქადაგების დროს უწმინდესმა.