ხვალ, 16 სექტემბერს, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება.
თამარაშვილი 1911 წლის 16 სექტემბერს იტალიაში, სოფელ სანტა-მარინელაში გარდაიცვალა.
მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე, იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი. იგი 1858 წელს ახალციხეში, "რაბათის" უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი იყო ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
1891 წელს გაემგზავრა რომში. სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1894 წელს და ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა. მალე დაინიშნა ამავე აკადემიის პროფესორად. აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში თამარაშვილმა გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. თამარაშვილმა მოასწრო საქართველო-ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალის დამუშავება და გამოცემა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას". მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (1910, რომი; 1995, თბილისი) ფრანგულ ენაზე დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ორივე მონოგრაფია, რომლებიც შედგება ევროპის არქივებში ავტორის მიერ მოძიებული და ზედმიწევნით შესწავლილი უაღრესად საყურადღებო პირველწყაროებისგან, დღემდე წარმოადგენს სამაგიდო წიგნებს მკვლევართათვის.
თამარაშვილმა აღმოაჩინა სიცილიაში კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი, მას დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალის მოძიებაში. თამარაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფელ სანტა-მარინელასთან სახელოვანი მეცნიერი დაიღუპა სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას, 53 წლის ასაკში. დაკრძალულ იქნა 18 სექტემბერს სანტა-მარინელას ეკლესიაში, თუმცა, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, მალევე მისი ცხედარი ქ. ჩივიტავეკიას წმინდა მარინის პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიადან მიხეილ თამარაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა თბილისში, დაკრძალეს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თამარაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.