სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების IPO -სთან დაკავშირებით მთავრობა მორიგ განმარტებას აკეთებს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მაქსიმუმ 49 პროცენტის განთავსება იქნება შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია სახელმწიფო კომპანიების აქციათა 20-25-30 პროცენტის საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებაზე. თუმცა 51 პროცენტი და მეტი ისევ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.
"ამ კომპანიების მენეჯმენტი ისევ სახელმწიფოს დარჩება და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ისევ სახელმწიფო იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტრანზაქციით ქვეყანაში შემოვიდეს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. საუბარია იმაზე რომ ქვეყანაში დამატებით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რომელიც შემქნის დამატებით სამუშაო ადგილებს. საუბარია ასევე დამატებით ეკონომიკურ ზრდაზე და ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ძალიან ჩვებულებრივი ტრანზაქცია, რაც ყველა განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყანამ განვლო და მათი არაერთი სტარტეგიული ობიექტების აქტივები საერთაშორისო ბირჟებზე განთავსდა",' - განაცხადა ნიკა გილაუმრა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისათვის საერთაშორისო ბირჟებზე რთული ვითარებაა და მთავრობა IPO-ს ხელსაყრელ ვადაში განახორციელებს.
"ახლა არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ჩვენ თარიღებს არ ვაცხადებთ და როცა იქნება საუკეთესო მომენტი მაშინ განვათავსებთ აქციებს საერთაშორისო ბირჟებზე. გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ გვეხმარებიან საუკეთესო საინვესტიციო ბანკები, რომელიც დაქირავებული გვყავს და ჩვენი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსებაზე კარგი გამოცდილება გვაქვს", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 2011 წელს მსოფლიოში საუკეთესო ტრანზაქციად საქართველოს ევროობლიგაციების ლონდონის ბირჟაზე განთავსება მიიჩნევა.