მინისტრმა კობა სუბელიანმა კარიტასის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. მინისტრი კარიტასის პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ევროპისა და საქართველოს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს დევნილთა ზოგად მდგომარეობაზე ესაუბრა და არსებული საჭიროებები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კარიტას ევროპის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მათთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, რის შედეგადაც, დევნილებთან დაკავშირებული არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, ერთ-ერთ მაგალითად კი რამდენიმე თვის წინ თბილისში გახსნილი სადურგლო სახელოსნო დაასახელეს.
მინისტრის თქმით, დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფოს ძირითადი ხაზია მათი განსახლება და შემოსავლის წყაროს გაჩენა. „ამ ეტაპისთვის 28 000 დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, მაგრამ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება შეუძლებელია, შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფის გარეშე" - აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი პროექტები, რომელიც ადამიანს შესაძლობელობას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები განავითაროს. ასევე, კიდევ ერთხელ, ყურადღება გაამახვილა დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფის საჭიროებასა და სოფლის მეურნეობის კუხით დახმარებაზე.
კარიტასის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ დევნილებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის პროფესიული კურსები. ასევე, მზადდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წინწყაროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიოტაციას.
კარიტასი მსოფლიოში 163 ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენს და მათ შორის ერთ-ერთია საქართველოს კარიტასი, რომელიც ძირითადად ორიეტირებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზე.