რალის -"ლონდონი-თბილისი. რთული მოგზაურობა კეთილი მიზნისთვის" მონაწილეები საქართველოში შემოვიდნენ. მონაწილეების საზეიმო მიღება დღეს, ბაგრატიონი 1882-ში გაიმართა. გულშემატკივრები რალის მონაწილეების გასამხნევებლად წელსაც შეიკრიბნენ.
ყოველწლიური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება მეხუთე წელია ტარდება. მოხალისე მოტოციკლეტისტები თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობისას ქველმოქმედებისთვის აგროვებენ თანხას. წელს რალის 8 მონაწილე, ლონდონიდან 3 სექტემბერს გამოაცილეს. საქართველოს საზღვარი მათ გუშინ, 12 სექტემბერს გადმოკვეთეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" რალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განუცხადა, მიუხედავად დიდი მარშრუტისა, საქართველოში ყველა უვნებელი ჩამოვიდა.
„ეს არის ჩვენი საიუბილეო რალი. 5 წელია რაც მიმდინარეობს. დიდი მადლობელი ვარ ლორდი კლამ უილიამის, რომელმაც არც ერთხელ არ გვიღალატა. ის ომის დროსაც ჩამოვიდა - კრიზისსაც არ შეუშინდა. რალი ყოველწელს იზრდება. ეს არის საქველმოქმედო აქცია. დონორებისგან ვიღებთ შემოწირულებებს, რომლებსაც გაჭირვებულებს გადავცემთ. რალი მიზნად ისახავს სპორტული სამოგზაურო ტრადიციის დამკვიდრებას. ამით საქართველოს პოპულარიზაცია ხდება მთელს მსოფლიოში. რალის წევრებმა 12 ქვეყანა გაიარეს და ლონდონიდან თბილისში რეკორდული სისწრაფით ჩამოვიდნენ. თბილისიდან მივდივართ ტაშკენტში. მომავალ წელს კი დელიში ჩასვლას ვგეგმავთ. ძალიან მოხარულები ვართ, რომ არავინ დაშავდა და ყველა მონაწილე თბილისში უვნებლად ჩამოვიდა", - განაცხადა ვასაძემ.
რალის მსვლელობისას შემოსული თანხები შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გადანაწილდება: საფეხურები (საქართველო), Help a Capital Child ( დიდი ბრიტანეთი), Health Prom (Caspian Countries).
რალი რთულ და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობას მოიცავს. მოხალისე მოტოციკლეტისტების პირველი ფინიში ტრადიციულად ევროპის საზღვარზე, თბილისშია.
თბილისის ფინიშის შემდეგ რალი სვლას აგრძელებს ტაშკენტის მიმართულებით. წინასწარი გეგმის მიხედვით რალი ლონდონი-თბილისი-ტაშკენტი 2011, 24 სექტემბერს ტაშკენტში დასრულდება.