პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სოციალურად დაუცველი დემეტრაშვილების სამშვილიანი ოჯახი მოინახულა და საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი და პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
გვანცა, ნატალია და ნინო დემეტრაშვილები 123-ე საჯარო სკოლის მეოთხე, მეექვსე და მერვე კლასების წარჩინებული მოსწავლეები არიან. როგორც სკოლის დირექტორმა ნინო კვიტაიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული სიბეჯითითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან.
"მნიშვნელოვანია ყველა ის ცვლილება, რომლებიც ახლა სკოლებში ხდება. თუმცა ბევრი ოჯახისთვის სახელმძღვანელოების შეძენა, მით უმეტეს, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მაინც რთულია, რადგან ეს მაინც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს სასკოლო სახელმძღვანელოებს ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა და დახმარება იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი ამოცანა - ყველა ბავშვს ჰქონდეს სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება", - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წლების განმავლობაში ტრადიციულად პრობლემა იყო ის, რომ ხშირად ხდებოდა სახელმძღვანელოების შეცვლა, მათი ფასებიც ძალიან მაღალი იყო. წელს ეს პრობლემა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირდაპირი ჩარევის შედეგად, მოგვარდა და ყველა ბავშვი ერთიანი სტანდარტის სახელმძღვანელოებით ისწავლის. სახელმძღვანელოების ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. სახელმწიფო პროგრამა კი, რომელიც ყველა ბავშვის სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, იმის წინაპირობაა, რომ ამ ქვეყნის მომავალი თაობა განსწავლული იყოს. "ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ კუთხით, რომ პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან, ხვალინდელ ახალგაზრდობასთან, რათა ქვეყანას განათლებული მომავალი თაობა ჰყავდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.