საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან, პოლონურ დელეგაციას ხელმძღვანელობს პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი პიოტრ პერკინსი. ვიზიტის ფარგლებში, 13 - 14 სექტემბერს დაგეგმილია ორდღიანი სემინარის ჩატარება.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში დაგეგმილ სემინარზე დღეს პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა განიხილეს სახელმწიფო უწყებებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, იმსჯელეს კორუფციული დანაშაულის გამოვლენის პროცესში მონაცემთა ბაზის და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, კორუფციულ დანაშაულთან ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის კოორდინაციისა და ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
შეხვედრაზე პოლონეთისა და საქართველოს სპეციალისტებს შორის მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კორუფციული დანაშაულობების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოცდილების გაზიარება. პოლონეთისა და საქართველოს მხარეებს შორის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები და სხვა საერთო თემატური საკითხების განხილვა.
პროექტი განხორციელდა საქართველოსა და პოლონეთის ფინანსთა და საგარეო სამინისტროების თანამშრომლობის პროგრამის თანადაფინანსებით. 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი პოლონეთში.