ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში გამართულ კონკურსზე - "მის სამყარო - 2011" ანგოლელმა ფერადკანიანმა ლეილა ლოპესმა გაიმარჯვა. მას გვირგვინი ტრადიციისამებრ წინა წლის გამარჯვებულმა, "მის სამყარო-2010"-მა ჰიმენა ნავარეტემ ლოპესს გადასცა. გამარჯვებულს საჩუქრად 120 000 დოლარად ღირებული გვირგვინი და ნიუ-იორკში მდებარე ბინა გადასცეს.
ფინალში გამარჯვებისთვის 89 მანდილოსნიდან 16 კანდიდატი იბრძოდა, რომელთაგან 15 - ჟიურიმ, ერთი კი მაყურებელმა გამოარჩია. მეორე ადგილი "მის უკრაინას", 23 წლის ოლესია სტეფანკოს ერგო, ის, ასევე "ყველაზე სექსუალური კონკურსანტის" ტიტულით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა კონკურსანტებს შორის მის საქართველო და მის იტალია გამოარჩია და განაცხადა, რომ მათთან მეგობრობას მომავალშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში საქართველოს "იმიჯ ცენტრის" მოდელი, პირველი ვიცე-მის საქართველო - 2010, 24 წლის ეკა ღურწკაია წარმოადგენდა.
ცნობისთვის, ლეილა ლოპესი 1986 წელს ქალაქ ბენგელაში დაიბადა. დიდ ბრიტანეთში, სადაც ის მენეჯმენტს სწავლობს, მან "მის ანგოლა UK"-ის ტიტული მოიპოვა. ორი თვის შემდეგ კი 21 კონკურსანტს აჯობა და "მის ანგოლას" კონკურსში გაიმარჯვა.