დღეს, 13 სექტემბერს, 09:00 საათზე, ქუთაისში, შ.პ.ს. "ევრაზიანსთილსის" ქარხანა "ჰერკულესში" სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. გადაწყვეტილება სრულმასშტაბიანი გაფიცვის შესახებ 9 სექტემბერს, დილით, საწარმოს თანამშრომლებისა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე, რომელშიც საწარმოს 50 პროფკავშირელი აქტივისტი მონაწილეობდა, დეტალურად იქნა განხილული "ჰერკულესში" არსებული დაძაბული ვითარება, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ, მუშებზე გაძლიერებული ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის, გაფიცულების გათავისუფლების ფაქტები.
13 სექტემბერს, "ჰერკულესში" დაიწყება სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საწარმოში დასაქმებული ადამიანების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.