"ქრისტიან-დემოკრატები"ითხოვენ გაიზარდოს იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების კონტიგენტი, ვისი უფასო სახელმძღვანელოებით მომარაგებაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრებმა - ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ დღეს ავჭალის დასახლებაში, ცუხიაშვილების ოჯახში სტუმრობისას განაცხადეს.
"ჩვენი ინიციატივით უკვე მეორე წელია ათიათასობით ბავშვი სასკოლო წიგნებს უფასოდ იღებს. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც პროგრამა იმ ოჯახებზეც გავრცელდა, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა სიაში 70 ათას ქულამდე აქვთ მინიჭებული. დღეს უკვე აუცილებლად მიგვაჩნია კონტიგენტი გაიზარდოს 100 ათას ქულამდე და ყველა ასეთ ოჯახში წიგნებით დაკმაყოფილდეს ყველა მოსწავლე" - აღნიშნა სამუშიამ.
მისივე თქმით, ცუხიაშვილების ოჯახს 85 ათასი ქულა მიანიჭეს და მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად უკიდურესად უჭირთ, უფასო პროგრამით სარგებლობას ვერ ახერხებენ. "ქრისტიან-დემოკრატებმა" მასპინძლებს საჩუქრად სახელმძღვანელოები და სასკოლო ინვენტარი გადასცეს.