გურჯაანის N1 საჯარო სკოლიდან 7 მასწავლებელი გაათავისუფლეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა თამარ ოღლიშვილმა განუცხადა, მასწავლებლების გათავისუფლების მიზეზი, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა.
„შვიდივე მასწავლებელთან 3 წლიანი ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული. ხელშეკრულებებს ვადა 1-ელ სექტემბერს გაუვიდა და გათავისუფლების ბრძანებაც უკვე ყველა მასწავლებელს გადავეცით. მათი სკოლაში აღდგენა აღარ მოხდება. პრიორიტეტს სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ვანიჭებთ, ეს მასწავლებლები კი ამ პროცესში საერთოდ არ იყვნენ ჩართულები. ამიტომ ვთვლი, რომ მათი გათავისუფლება სრულიად კანონიერად მოხდა", - აღნიშნა თამარ ოღლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ N1 საჯარო სკოლასთან მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დაწყებითი კლასის მასწავლებლის ანა მოსიაშვილის სკოლაში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც განაცხადეს, ბავშვებს სკოლაში არ მიიყვანენ.