დღეს, 9 სექტემბერს, ტაჯიკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 20 წელი სრულდება. ტაჯიკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 სექტემბერს გამოაცხადა.
ამის შემდეგ, 1991-1993 წლებში, რეგიონულ კლანურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1997 წელს ცეცხლი შეწყდა, რამაც 1999 წელს არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს რუსეთის ჯარი იცავს, რომელიც ამგვარად ანეიტრალებს ავღანეთიდან შუა აზიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეს. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზა განლაგდა.