საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში დღეს რეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი "ფაზისი" გახსნა. სასწავლებელი ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო- და კომპიუტერული ტექნიკით სრულად აღიჭურვა, გაეროს დაფინანსებით ამოქმედდა ცისკოს ქსელური ლაბორატორია. მსგავსი ლაბორატორია საქართველოში სულ სამია - თბილისში, ბათუმსა და ფოთში.
სააკაშვილმა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სადურგლო, სანტექნიკოსის, ელექტროშემდუღებლის, სამაცივრე მოწყობილობისა და შემკეთებლის და ელექტრიკოსის სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. პრეზიდენტი სტუდენტებსაც გაესაუბრა.
როგორც სააკაშვილს კოლეჯის მესვეურებმა განუცხადეს, სტუდენტთა 70 პროცენტი უპრობლემოდ საქმდება კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებსა (ფოთის პორტი, კურორტი ანაკლია და სხვ.) და სხვა დაწესებულებებში.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები აუცილებლად დასაქმდებიან, რადგან საქართველოში ტურიზმი დღითიდღე ვითარდება, რაც, თავის მხრივ, მომსახურების სფეროს განვითარებას გულისხმობს. ამისთვის კი, აუცილებელია პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები ფოთის პორტში, ქალაქ ანაკლიასა და სხვა ტურისტულ ობიექტებში გადანაწილდებიან.