ხვალ, 9 სექტემბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ქუთაისში შპს. "ევრაზიანსთილსის"ქარხანა "ჰერკულესის" კოლექტივს შეხვდება.
13:00 საათზე, ირაკლი პეტრიაშვილი, "ჰერკულესის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, ქარხანასთან (შევჩენკოს ქუჩა #20) სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.
პროფკავშირები კომპანიის ადმინისტრაციას 3 დღეს აძლევენ. თუკი ამ ხნის განმავლობაში ადმინისტრაცია პროფკავშირებთან მოლაპარაკებების გამართვასა და შეთანხმების დადებაზე არ დათანხმდება, "ჰერკულესში" სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყება.
სრულმასშტაბიან გაფიცვას ქარხნის კოლექტივი 13 სექტემბერს დაიწყებს და იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცვის გადაწყვეტილება დასაქმებულებმა საწარმოში არსებული მძიმე შრომითი პირობებისა და თანამშრომელთა პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლების გამო მიიღეს.