კლაიპედადან ქართული კულტურის დღეები ვილნიუსში გაგრძელდება, ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა.
„ქართული ხმებისა" და „სუხიშვილების" მონაწილეობით ქართული კულტურის დღეები ვილნიუსში გაგრძელდება, რადგან ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება გულშემატკივრობა, მით უმეტეს, რომ დებიუტანტი გუნდი გვყავს", - განმარტა რურუამ.
მისივე შეფასებით, ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნამდვილი „გარღვევა" მოახდინეს.
„ჩვენ მოვახდინეთ ნამდვილი გარღვევა - ჯერ ერთი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია და ძალიან ცოტა გუნდს თუ მოუხერხებია, რომ პირველი ეტაპიდან გასულა შემდეგ ეტაპზე", - აღნიშნა მინისტრმა.
თავად რურუა, „დიდი სურვილის" მიუხედავად, ვილნიუსში ვერ მიემგზავრება, თუმცა როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, „იქ კულტურის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც სიტუაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ".
კულტურის დღეების ფარგლებში ვილნიუსში, დაგეგმილია ასევე, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-დეგუსტაცია. მთავრობაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვილნიუსში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-დეგუსტაციის მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი უკვე გამოიყო.