აშშ-ის ცენტრალური სადაზღვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე ოფიციალურად იწყებს საქმიანობას გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბრამდე ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალი იყო.
58 წლის პეტრეუსმა თითქმის 40 წელი იმსახურა აშშ-ს თავდაცვის სფეროში. პენტაგონში პეტრეუსთან დამშვიდობების ცერემონიალზე აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ უილიამ ლინმა მას ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო სტრატეგი უწოდა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში არავის უთამაშია ისეთივე როლი ჯარების სარდლობაში, როგორც გენერალ პეტრეუსს.
აშშ-ს მედიის ინფორმაციით, რომელიც ანალიტიკოსების მოსაზრებებს ეყრდნობა, ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სწორედ ამ "ღირსებების" გამო მიიღო გადაწყვეტილება პეტრეუსის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.
აღინიშნება, რომ "ამ წარმატებების ფონზე მას თითქმის 40 წლის განმავლობაში ჰქონდა საქმე დაზვერვით ინფორმაციასთან და კარგად იცის, რომ ის უნდა იყოს დროული და ზუსტი".
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალ ხელმძღვანელს მოუწევს გარკვეული წინააღმდეგობების გადალახვა. საუბარია სამმართველოს ანალიტიკოსების საქმიანობაზე, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ არცთუ სახარბიელო შეფასება მისცეს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. აღინიშნა, რომ ომი ამ ქვეყანაში "ჩიხში შედის" რასაც პეტრეუსი კატეგორიულად არ დაეთანხმა.
"ტესტი პეტრეუსისთვის მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა ის საკუთარ ანალიტიკოსებს მიანიჭოს დამოუკიდბელობა, რომელიც აუცილებელია ავღანეთში სტრატეგიის რეალური შეფასებისთვის და რომლის ავტორიც თავად არის. მას აქვს თავისი შეხედულებები ამ ომთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ექსპერტების, ანალიტიკოსებისა და მისი პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვევა ეს გახდება გარკვეული დაძაბულობის მიზეზი" - აღნიშნა ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტმა დევიდ იგნატიუსმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი უფროსი ლეონ პანეტა 1 ივლისიდან ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს.