ლიბიის დამხობილი ლიდერი მუამარ კადაფი ხანგრძლივი პარტიზანული ომისთვის ემზადება.
ამის შესახებ კადაფი მის მორიგ აუდიომიმართვაში აცხადებს, რომელიც სირიაში ბაზირებულმა ტელეარხმა "ალ-რაიმ" გაავრცელა.
"ლიბიელ ხალხს არ შეუძლია მუხლებზე დგომა. არ შეუძლია დანებება. ჩვენ ქალები არ ვართ", - ამბობს კადაფი მიმართვაში, რომელიც BBC-ის ინფორმაციით, 10-წუთიანი იყო.
ამასთან, ის იმასაც აღნიშნავს, რომ ხალხი იბრძოლებს კოლონიალიზმის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის.
"ხალხი იბრძვის კოლონიალიზმის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის საჭიროა უდიდესი მსხვერპლი. მოღალატეების დრო დასრულდება და ნატო სწორედ მაშინ დაინგრევა. ასევე დაინგრევა ნატოსადმი მოღალატეების ერთგულება", - განმარტავს კადაფი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო გუშინდელი დღის განმავლობაში მეორე მიმართვა, რომელიც გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება ლიბიის დამხობილი ლიდერი.