რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, 23-24 სექტემბერს, პარტია "ედინაია რასიას" ყრილობაზე გააკეთებს.
"კომერსანტის" ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთება დეკემბერში დაგვიანებული იქნება, თუმცა გამოცემა წერს, რომ დაზუსტებით რაიმის თქმა ჯერაც შეუძლებელია, რადგან თავად პრეზიდენტ მედვედევის თქმით, მისი და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მოქმედება ერთიან შეთანხმებულ სტრატეგიას ეფუძვნება.
ჯერ კიდევ მაისში ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი "ედინაია რასიადან" სწორედ სექტემბერში გასამართი ყრილობისას დასახელდებოდა, თუმცა ამჟამად პარტიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სექტემბერში დაგეგმილი ყრილობისას მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების კანდიდატების წარდგენა მოხდება.
ყრილობაზე მედვედევის გამოსვლა 24 სექტემბერს იგეგმება. მას წინ უსწრებს პრემიერ-მინისტრ პუტინის გამოსვლა.
ნებისმიერ შემთხვევაში "კომერსანტი" ირწმუნება, რომ სწორედ 23-24 სექტემბერს დიმიტრი მედვედევი თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარ პოზიციას გააცნობს.