დასავლური მედიის ინფორმაციით, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ლიბიის ქალაქ გადამესში - ალჟირისა და ტუნისის საზღვართან ახლოს იმყოფება, თუმცა ვინაიდან, ამბოხებულების მიერ ტრიპოლის აღების შემდეგ კადაფის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ამ დრომდე არ დასტურდება, კადაფის გადამესში ყოფნის უტყუარობის მტკიცება საკმაოდ ძნელია.
განსხვავებულია კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის განცხადება, რომლის თქმითაც, მუამარ კადაფი ცოცხალი და ჯანმრთელია და ის 20 ათას შეიარაღებულ მომხრესთან ერთად ქალაქ სირტაშია გამაგრებული.
მისივე თქმით, კადაფის ჯარები იბრძოლებენ ბოლომდე.
თუმცა, როგორც უცხოელი ჟურნალისტები წერენ, შეკითხვაზე: "იმყოფება თუ არა მუამარ კადაფი სირტაში", - სეიფ ალ-ისლამმა დამაჯერებელი პასუხი არ გასცა.