ლიბიის გარდამავალი საბჭო ქვეყანაში ნებისმიერი საერთაშორისო სამხედრო ძალის განთავსებას გამორიცხავს. ამის შესახებ ლიბიაში გაეროს წარმომადგენელმა იან მარტინმა განაცხადა. მისი თქმით, გაერო ლიბიაში სამხედრო-სადამკვირვებლო მისიის განთავსების გეგმას განიხილავდა.
ლიბიის გარდამავალი საბჭოს ლიდერის განცხადებით, ლიბიაში მშვიდობის დამყარებისთვის გარეშე ძალების ჩარევა საჭირო არ არის.
ლიბიაში ამ დროისთვის ბრძოლები ისევ მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მეამბოხეები მუამარ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეს ორი მხრიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მიუახლოვდნენ. გარდამავალმა საბჭომ კადაფის მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ შაბათამდე დანებდნენ და სირტესთან ბრძოლები შეწყვიტონ.
მუამარ კადაფის პრესპიკერის მუსა იბრაჰიმის განცხადებით, კადაფი და მისი მხარდამჭერები არ იზიარებენ ულტიმატუმს და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. მუსა იბრაჰიმმა "ასოშიეთიდ პრესთან" სატელოფონო საუბრისას, მეამბოხეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა შეიმნას გარდამავალი მთავრობა.