5 სექტემბერს რადიო "პროგრესი" ახალ სეზონს ახალი გადაცემებით დაიწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რადიოს მარკეტინგის მენეჯერმა, ირაკლი ყურაშვილმა განაცხადა, სხვა რადიოებისგან განსხვავებით, "პროგრესი" მსმენელს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს.
"ამ სეზონზე ყურადღებას ვამახვილებთ საავტორო გადაცემებზე. სხვა რადიოებისგან განსხვავებით, ჩვენ ღამის 12 საათზე არ შევწყვეტთ მუშაობას. გვექნება ბიზნესგადაცემა, კვირაში ერთხელ ავტოშოუ. საინტერესო გადაცემები მომზადდება დევნილთა პრობლემებზე. საინფორმაციო გამოშვებები ყოველ საათში გავა, დღის შემაჯამებელ გადაცემას კი, საღამოს 9 საათზე, ორი წამყვანი გაუძღვება", - განაცხადა ყურაშვილმა.
ყურაშვილის თქმით, "პროგრესის" მსმენელებს ახალ სეზონზე, ყოველ პარასკევს, საღამოს 19:00 საათზე, შესაძლებლობა ექნება, უსმინოს საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას "მთავარი კითხვა თემურ ჭუმბურიძესთან ერთად".
"ეს იქნება საავტორო გადაცემა, სადაც დაისმება საზოგადეობისთვის აქტუალური კითხვები და რადიომსმენელები მოისმენენ მათზე პასუხებს სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლებისგან", - აღნიშნა ყურაშვილმა.
რადიომსმენელებს მენეჯმენტი თავაზობს ახალ პროექტსაც, რომლის შესახებ ამ ეტაპზე დეტალურად არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან რადიოში "იტალია-საქართველო" და "საქართველო-იტალია" გაცვლითი ჩართვები გახორციელდება.
რაც შეეხება მუსილაკურ რედაქციას, ყურაშვილის თქმით, აქაც მსმენელს საკმაოდ საინტერესო სიახლეები ელოდებათ.
"მუსიკალური ბაზა შევცვალეთ. მსმენლის უფრო გემოვნებიან მუსიკას შევთავაზებთ. არის სიახლეებიც, რომლებსაც ავტორები თავად გააცნობენ ჩვენს მსმენელებს", - განაცხადა ყურაშვილმა.