ქარიშხალმა "აირინმა" 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროს შტატების ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წყალდიდობა, სავარაუდოდ, კიდევ სამი დღე გასტანს.
5 მილიონი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 7 მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, მხოლოდ ნიუ ჯერსის, კონექტიკუტის შტატებსა და ნიუ იორკში წყალდიდობა 3 მილიონი ადამიანის სახლები დააზიანა.
ამ დროისთვის ქარიშხალმა აშშ-ის ტერიტორიიდან კანადისკენ გადაინაცვლა.
აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, ქარიშხლის შედეგები კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდება, რადგან ზოგიერთ მდინარეში წყლის დონეს პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია და უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში წყალდიდობისა და შესაბამისად, დასაქმებული პუნქტების დატბორვის ალბათობა საკმაოდ დიდია.
"სავარაუდოდ ნგრევა კიდევ იქნება, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა გაუმჯობესდება", - განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.
მისივე თქმით, ნიუ იორკს ქარიშხლის შედეგად იმაზე ნაკლები ზიანი მიადგა, ვიდრე ამას ადგილობრივი ხელისუფლება ელოდა. ქალაქში უკვე აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მუშაობს სამი მთავარი აეროპორტი. ამის მიუხედავად, ქალაქის შემოგარენში ათეულობით ხიდი შესაკეთებელია. ასევე აღსადგენი იქნება დაზიანებული გზის საფარები.