ანჩისხატის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ხელოვნების მუზეუმს ეწვია.
უწმინდესმა მუზეუმში დაბრძანებულ ხატთან ლოცვა აღავლინა, შემდეგ კი იქ მყოფ მრევლს დღესასწაული მიულოცა და დალოცა.
"განდიდებული წმინდა ხატის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიათ საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 აგვისტოს, მართლმადიდებლები ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავენ. უკვე წლებია მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი ყველა იმ ადგილზე დაბრძანდება, რომელიც ისტორიულად ხატმა გაიარა. ეს გზა ტრადიციულად იერუსალიმიდან იწყება.
ფერისცვალებას ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის წევრებმა ისრაელში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ეს ხატი თაბორის მთაზე დააბრძანეს. შემდეგ სალიტანიო ხატმა ისტორიული კონსტანტინოპოლი გამოიარა და ანჩაში მის ისტორიულ ადგილას დაბრძანდა.