რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ რობერტ სტურუამ ჟურნალისტების კითხვებს დღეს პირველად უპასუხა. რუსთაველის თეატრიდან წავლის მიზეზს რეჟისორი "შემოგდებულ ფანდს" უწოდებს.
"შეიძლება არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველი უნდა იყოს. თუ რომელიმე სომეხი გულზე ხელს დაიდებს და იტყვის, რომ სურს ქართველი პრეზიდენტი ჰყავდეს, ჩემი სიტყვებისთვის ბოდიშს მოვიხდი. არ ჰქონდათ ჩემი მოხსნის მიზეზი და მთავრობამ გადაწყვიტა ეს "შემოეგდო", რის გამოც გამომიშვეს", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
პრესკონფერენციაზე რეჟისორმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებასაც გამოეხმაურა.
"მე არასდროს ვყოფილვარ ერთ ადგილზე გაჩერებული. მათ სურდფათ, რომ 3 თვეში ერთხელ დამედგა სპექტაკლი, მე კიდევ ამისთვის დრო მჭირდებოდა. თუ ბოლო სპექტაკლი იგულისხმა, მინდა ვუთხრა, რომ მე იმ პერიოდში საქართველოში არ ვიმყოფებოდი და სპექტაკლი 6 თვეში დავდგი. მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მსურდა, ახლაც ვფიქრობ, რომ სამარცხვინო არაფერი ყოფილა. ხშირად არ წავსულვარ კომპრომისებზე. არ მიკეთებია ის, რაც ჩემი საქმე არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ", - აღნიშნა სტურუამ.